შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის მითვისების ბრალდებით, თბილისში ორი პირი: 1992 წელს დაბადებული რ.ხ. და 1983 წელს დაბადებული ჯ.ხ. ცხელ კვალზე დააკავეს.
დანაშაული 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ რ.ხ.-მ, რომელიც ერთ-ერთ კომპანიაში ბუღალტრად მუშაობდა, თავის ძმასთან - ჯ.ხ.-სთან ერთად დაგეგმა სამსახურებრივი თანხის მითვისება და თავდასხმის ინსცენირებით, უკანონოდ დაეუფლა 150000 ლარს.
სამართალდამცველებმა ორივე პირი ცხელ კვალზე, ბრალდებულის სახით დააკავეს. პოლიციამ უკანონოდ მითვისებული თანხა ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და "დ" ქვეპუნქტით, ასევე, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხის მითვისებას.